სასუქით დაწვამ შესაძლოა თავი იჩინოს კანაფის სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპზე. მისი პრევენციის, იდენტიფიცირების და გამოსწორების ხერხების ცოდნა ყველა კულტივატორისთვის საჭირო, აუცილებელი უნარია.

სასუქით დაწვა

სასუქის დაწვას ხშირად უწოდებენ ხოლმე „ახალბედას სინანულს“ ან „ზედმეტი ენთუზიაზმის გამოძახილს“. ის არის სტრესის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც იწვევს სასუქების დიდი რაოდენობით მიწოდება ან მათი არასწორი კომბინაციით შერევა. დამწყები კულტივატორები თვლიან, რომ ბევრი სასუქი უკეთესია და სწორედ აქ ცდებიან. ამ მითს ხშირად დამწვრობამდე მივყავართ. საბედნიეროდ, სიტუაციის გამოსწორება და მოსავლის განადგურების თავიდან აცილება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემას კანაფის ზრდის ნებისმიერ ფაზაზე ვაწყდებით.

ცხოველებისაგან (მათ შორის ჩვენც, ადამიანები) განსხვავებით, გადამეტებული კვების პირობებში მცენარე წონას არ იმატებს. ბოლოს და ბოლოს, ის სრულიად სხვა სისტემით მომუშავე ორგანიზმია. მას გადასარჩენად და ასაყვავებლად სჭირდება დაბალანსებული და თანმიმდევრული ქიმიური რეაქციების ჯაჭვი. მისი „გასუქების“ მცდელობა კი პირველი ხარვეზია ამ ჯაჭვში.

სასუქით დაწვის  გამომწვევი მიზეზები:

  • საკვები ნივთიერებების რეკომენდირებულზე დიდი პროპორციებით გამოყენება ზრდის დამწვრობის შანსს ნებისმიერ ფაზაზე.
  • ჭარბი მორწყვა; მცენარეებს სჭირდებათ მშრალი პერიოდები სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და ჟანგბადთან წვდომისთვის.
  • ყვავილობის დამაჩქარებლების ხშირი და/ან მაღალი კონცენტრაციით გამოყენება.
  • ზრდის სტიმულატორების მუდმივი გამოყენება, რაც საბოლოოდ იწვევს ჯუჯობას და სასუქის გადაჭარბებით პროვოცირებულ წვას.

იდენტიფიცირება

აზოტი კანაფისთვის განკუთვნილი სასუქების  (განსაკუთრებით ვეგეტატიური ფაზისთვის) შემადგენლობის  პრედომინანტური კომპონენტია.  მის სიჭარბეს მალევე მოჰყვება სხვა მძიმე სიმპტომები.

გადაჭარბებული სასუქით მიღებული დამწვრობის ადრეული ინდიკატორები:

  • ძალიან მუქი მწვანე ფოთლები
  • ღია მწვანე, თითქმის ფლორესცენტული თავები
  • 90°-ით მოხრილი ფოთლის წვეროები
  • ღეროები და ტოტები გახდება მუქი წითელი, მოწითალო-მოიისფრო ან იისფერი
  • „დაშაქრული“ ფოთლები და კალიქსები გაყვითლდება, შემდეგ დაიწყება კვდომა. ბუნებრივი, ნორმალური ჭკნობისგან განსხვავებით, ზედმეტი სასუქით გაჯერებული ფოთლები გაყვითლების შემდეგაც იღებენ საკვებს და  სწრაფად კვდებიან.

სასუქის სიჭარბის შემდეგი ნიშანია ბოლოებდამწვარი, გაყვითლებული ფოთლები, რაც ნელ-ნელა უფრო გავრცელდება, ვინაიდან ზედმეტი ნუტრიენტები აზიანებს მთელ მცენარეს. პატარა, ოდნავ დამწვარი წვეროები ხშირად გვხვდება და სანერვიულო არ არის. მაგრამ თუ სიყვითლე ინტენსიურად იზრდება, დროა იმოქმედოთ! როგორც კი ფოთოლი გაყავისფრდება და დაიხვევა, მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდება.

სასუქით დაწვა თავს იჩენს თანდათანობით, თუ ნივთიერებების დოზა რეკომენდირებულზე ოდნავ უფრო მეტია. შესაძლოა ერთ დღეს გამოჩნდეს და რამდენიმე დღის განმავლობაში განაგრძოს „განვითარება“.  უარეს შემთხვევაში მიიღებთ ქრონიკული ზედოზირების შედეგად გაყვითლებულ ფოთლებს, რომლებიც სუფთა წყლის ნაკლებობის გამო ერთ ღამეში იხვევიან და  ჭკნებიან. ასეთ დროს, თუ ჯერ კიდევ ვეგეტატიურ ფაზაზე ხართ, აჯობებს ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. მდგომარეობის გამოსწორება ან შეუძლებელი იქნება, ან უფრო მეტ დროს წაიღებს, ვიდრე ახალი მცენარის გაზრდა.

სასუქით დამწვრობა მოქმედებს თქვენი კანაფის ყვავილედებზეც. ყვავილობის პერიოდში იცვლება მცენარის ნუტრიენტული საჭიროებები. მას აღარ სჭირდება აზოტი, სამაგიეროდ კი უნდა გაზარდოთ კალციუმისა და მაგნეზიუმის დოზები. მაგრამ გაითვალისწინეთ, ნებისმიერი კომპონენტის ჭარბად გამოყენება საბოლოოდ ერთსა და იმავე მძიმე შედეგს მოგცემთ.

როგორ გამოვასწოროთ კანაფის მდგომარეობა?

როგორც კი დარწმუნდებით, რომ თქვენი მცენარე სასუქის ზედოზირების მსხვერპლია, ფრთხილად მოაცილეთ დაზიანებული უბნები. მოწყვიტეთ ყველა დაზიანებული ფოთოლი. დაათვალიერეთ კალიქსების მტევნები ღეროს ბოლომდე და დამწვრობის აღმოჩენის შემთხვევაში მოაშორეთ მთელი ფლორეტი, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ წვა არ გავრცელდება. მკვდარი ყვავილედები და ფოთლები დაიწყებს ლპობას. როგორც კი მოახერხებთ, გადარეცხეთ თქვენი მცენარის ნიადაგი სუფთა, pH დაბალანსებული წყლით.

თუ სასუქებს ყოველდღიურად ხელით აზავებთ, მაშინ დამშვიდდით და გაითვალისწინეთ, თქვენი კანაფისთვის ნაკლები ყოველთვის უკეთესია. დამაკმაყოფილებელი შედეგისთვის მხოლოდ სუფთა წყლის მიწოდებაც საკმარისია.

სტანდარტული კვების რეჟიმში დასაბრუნებლად გამოიყენეთ სპეციალური ტონიკები, რომლებიც განკუთვნილია მცენარის გასაჯანსაღებლად. ფესვის ბიოსფერო ისევე იქნება დაზიანებული, როგორც მწვანე ნაწილი, ხოლო ტონიკები ვერცხლის ნიტრატით, ჰუმუსითა და ფულვო მჟავებით, საუკეთესო ვარიანტია კანაფის სამკურნალოდ.

როდესაც რეგულარული კვების რეჟიმს დაუბრუნდებით, გამოიყენეთ რეკომენდირებული დოზის ¾ ნაწილი, რათა თავიდან აიცილოთ ხელახალი დაწვა. მცენარეები სწრაფად აღიდგენენ ძალებს და განაგრძობენ ჯანსაღად ზრდას. გახსოვდეთ, რომ უნდა გაახანგრძლივოთ ზრდის პერიოდი, რათა მცენარემ აინაზღაუროს იმ დროის დანაკლისი, როცა ავად იყო. ფოტოპერიოდული კანაფის შემთხვევაში თუ დამწვრობამ თავი ვეგეტატიურ ფაზაში იჩინა, ზრდის გახანგრძლივება ზიანს არ მოიტანს. ხოლო თუ აუტომოყვავილეს ზრდით ან ყვავილობის პერიოდში მიაწოდეთ ზედმეტი სასუქი, მაშინ უნდა შეეგუოთ, რომ ნაკლები მოსავლის აღება მოგიწევთ.

პრევენცია

პრევენცია ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია, ამიტომ კარგი იქნება, თუ გამოიმუშავებთ იმ ჩვევებს, რომლებიც შეცდომების დაშვების ალბათობას მინიმუმამდე დაგაყვანინებთ. თავდაპირველად დარწმუნდით, რომ ზრდის ფაზების შესაბამის დანამატებს იყენებთ. მეორე ეტაპზე, ბრძნული გადაწყვეტილება იქნება, თუ სასუქის შეფუთვაზე მითითებული დოზის ¾-ს გამოიყენებთ. ხანდახან, მწარმოებელთა რეკომენდაციები გადამეტებულია და „უმტკივნეულო“ შეცდომების დაშვების დიაპაზონი გიმცირდებათ.

გამოიყენეთ გამტარიანობისა და მჟავიანობის საზომები, რათა მუდმივად აკონტროლოთ ნუტრიენტების სიმძლავრე როგორც ხელით დღიურად მიწოდებისა, ასევე წყლის რეზერვუარებით სარგებლობისას. გადარეცხეთ ჰიდროპონიკული სისტემები, მზა ნიადაგი და მიწა, რითიც თავიდან აიცილებთ ფესვის გარშემო მარილების დალექვას.

სასუქის დოზირებისას გამოიყენეთ ის ხელსაწყოები, რომლებზეც მითითებულია ზუსტი დანაყოფები. თუ გჭირდებათ 10მლ სასუქი ერთ ლიტრ წყალზე, მაშინ სასურველია აიღოთ სამზარეულოს საზომი კოვზი ან უბრალო შპრიცი. გამოთვლებისას დაშვებული ადამიანური შეცდომები დაიყვანეთ მინიმუმამდე. ძალიან ადვილად შეცდებით, თუ ჭიქით ან ქილით გაზომვისას არასწორი კუთხიდან შეხედავთ სასურველ ნიშნულს. საზომი საშუალება დადეთ სწორ ზედაპირზე და ზუსტად ჰორიზონტალურად, თვალის გასწვრივ შეხედეთ.

კანაფის ორგანულ ნიადაგში ზრდის მრავალი უპირატესობიდან ერთ-ერთი სწორედ ისაა, რომ ფესვის სისტემისთვის იქმნება ორგანიზმთა ბუფერული ზონა. ამგვარად გაზრდილი მცენარეები უფრო ამტანები არიან სასუქის ზედოზირებისა და სხვა სტრესორების მიმართ. კარგად მომზადებული ორგანული ნიადაგი საერთოდ არ საჭიროებს საკვების დამატებას და შესაბამისად, სასუქით დამწვრობის რისკიც სრულიად ქრება.

სასუქით დაწვა, ზედოზირების ხარისხის გათვალისწინებით, შესაძლოა იყოს როგორც თანდათანობითი, ისე სწრაფი, „ერთღამიანი“ კატასტროფა. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მკურნალობა გადაარჩენს თქვენს მოსავალს. პანიკაში ნუ ჩავარდებით! ან სულ ცოტა ინერვიულეთ. შემდეგ კი მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციებს და დაუბრუნეთ თქვენს მცენარეს სიჯანსაღე და სიცოცხლისუნარიანობა.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.