
გაეროს ნარკოტიკულ საშუალებათა კომისიამ მოახდინა კანაფის რეკლასიფიკაცია და აღიარა კანაფის თერაპიული (სამკურნალო) ღირებულება
2020 წლის 2 დეკემბერს გაეროს ნარკოტიკულ საშუალებათა კომისიამ (Commission on Narcotic Drugs – CND) მოახდინა საერთაშორისო ჩამონათვალში კანაფის და კანაფის ფისის ხელახალი კლასიფიკაცია და ცნო მისი სამედიცინო მიზნით გამოყენების ღირებულება. კომისიამ ხმა მისცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 41-ე მოწვევის ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების ექსპერტთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვითაც კანაფი და კანაფის ფისი უნდა იქნას ამოღებული ამჟამინდელი სიიდან, სადაც ის ადგილს იკავებს საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საზიანო ისეთი ნარკოტიკული საშუალებების გვერდით, როგორებიცაა ჰეროინი, ფენტანილის ანალოგები და ოპიოიდები. 2018 წელს ჯანმო-ს კომიტეტმა ჩაატარა ფორმალური მიმოხილვა ამჟამად საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული კანაფის და კანაფთან დაკავშირებული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ. ამავე დროს, კომიტეტმა გასცა რჩევა, რომ კანაფისგან მიღებული კონკრეტული ნივთიერებები, მაგალითად კანაბიდიოლი (CBD) არ შეიცავს ავადმოხმარების პოტენციალს და არ იწვევს დამოკიდებულებას, არამედ შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ეპილეფსია. აქედან გამომდინარე, არ უნდა იყოს საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული.
კომიტეტმა კანაფი და მისგან მიღებული პროდუქტების სამეცნიერო მიმოხილვების საფუძველზე შეიმუშავა რეკომენდაციების სერია, რომლებიც უფრო ეფექტურად გააკონტროლებენ მაღალი დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) შემცველ (დრონაბინოლი) კანაფის პროდუქტებს და ხელს შეუწყობენ როგორც დამატებითი კვლევების ჩატარებას, ასევე კანაფის მედიკამენტებზე წვდომას კანაფის არასამედიცინო მიზნით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემების მინიმუმამდე დაყვანასთან ერთად. ნარკოტიკულ საშუალებათა კომისია ჯანმო-ს რეკომენდაციებს განიხილავდა 2018 წლიდან და კენჭისყრა მოხდა ვენაში 2020 წლის დეკემბერში. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მიიღო უმთავრესი რეკომენდაცია კანაფის ხელახალი კლასიფიკაციის შესახებ, არ მიიღეს სხვა რეკომენდაციები, რომლებიც გულისხმობდა კანაფის პროდუქტების კლასიფიკაციის შეცვლასაც და მიზნად ისახავდა მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებასთან ერთად. კანაფის და კანაფის ფისის ხელახალი კლასიფიკაცია მოხსნის საერთაშორისო პროცედურებით გამოწვეულ ბარიერს კვლევებისა და კანაფზე დაფუძნებული სამედიცინო პროდუქტებისთვის ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში. კანაფის სტატუსის ცვლილება გავლენას არ მოახდეს მის არასამედიცინო მოხმარებაზე და არ წაახალისებს ლეგალიზაციას, რადგან კვლავ რჩება მკაცრი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ. კანაფი და კანაფის ფისი კლასიფიცირებული იქნება იმავე ხარისხის ავადმოხმარებისა და დამოკიდებულების პოტენციალის მქონედ, როგორებიცაა მორფინი და ოქსიკოდონი.