
საფეხბურთო კლუბი “ევერტონი” მარიხუანის მწარმოებლებთან სასპონსორო კონტრაქტზე შეთანხმდა
ევერტონი მარიხუანის მწარმოებელ კომპანია Swissx-სთან სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. კომპანიას, რომლის მფლობელი ყოფილი მოკრივე მაიკ ტაისონია, ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკება უკვე დაწყებული აქვს. Insider.com-თან ინტერვიუში კომპანიის დირექტორმა ალკი დევიდმა მოლაპარაკების დეტალების შესახებ ისაუბრა. იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები შეთანხმდებიან, ევერტონი პრემიერ ლიგის პირველი კლუბი იქნება, რომელიც მარიხუანის მწარმოებელთან სასპონსორო ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
აქამდე მაიკ ტაისონის კომპანიას ბარსელონასაც აკავშირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტაისონი და ალკი დევიდი კატალონიური კლუბის სტადიონის კამპ ნოუს სახელზე უფლებების შეძენას აპირებდნენ.
“ბარსას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ მომენტისათვის ევერტონთან მაისურებზე ჩვენი სახელის გამოჩენასთან დაკავშირებით გვაქვს მოლაპარაკება“, – ამბობს დევიდი.
ევერტონის ამჟამინდელმა სპონსორმა SportPesa-მ თებერვალში დაადასტურა, რომ მერსისაიდელებთან თანამშრომლობას მომდევნო სეზონიდან აღარ გააგრძელებს. კლუბმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ “ეს რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა ახალი გამოწვეებისა და შესაძლებლობების მიღება სურს“.

“ევერტონს ჩემთან კონტაქტი ჰქონდა, ლურჯ მაისურზე Swissx-ის ლოგოს რამდენიმე დიზაინი შემომთავაზეს, რომელიც არ მომეწონა, თუმცა მაინც კარგად გამოიყურება“, – აღნიშნავს დევიდი. “ინგლისში პირველად ყოფნის დროს ყველას ლივერპულისა და მანჩესტერ იუნაიტედის წითელი მაისურები ეცვა. ლურჯი ფერი და კლუბის ლოგო მომეწონა, ამიტომ ევერტონი ავირჩიე“.