
როგორ გავზარდოთ ავტო-მოყვავილე კანაფი?
თუ თქვენ დამწყები ხართ კანაფის კულტივაციაში და მითუმეტეს არ იცით როგორ გავზარდოთ ავტო-მოყვავილე კანაფი, სტატიაში წაიკითხავთ მისი სპეციფიკის მოკლე განხილვას
ავტო-მოყვავილე ჯიშის კულტივაცია დახურულ სივრცეში (Indoor Growing)

ავტო-მოყვავილე მცენარეები ისინია, რომელთაც არ ჭირდებათ სპეციალური განათების ციკლები ყვავილობის დასაწყებად. ეს ნიშნავს, რომ მცენარე გაიზრდება, იყვავილებს და მზად იქნება მოსაჭრელად თავისი ასაკის მიხედვით, და არ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენი საათი მიიღებს ის სინათლეს.
ამას დადებით მხარეებთან ერთად, აქვს უარყოფითი მხარეებიც. დადებითი მხარეა ის, რომ ავტო-მოყვავილე მცენარე მარტივად გასაზრდელია დამწყები გროუერებისთვის და ასევე მათთვის, ვისაც არ აქვს მცენარისთვის სინათლის კონტროლის დრო და საშუალება. მეორე მხრივ, თუ მცენარე სწორად არ გაიზარდა, გროუინგის შედეგები შესაძლოა მისაღები არ იყოს. ავტო-მოყვავილე ჯიშის გაზრდა, ჩვეულებრივ, ფოტოპერიოდულ მცენარის გაზრდასთან შედარებით, სხვაგვარი ტექნიკაა და სპეციალურ მოპყრობას საჭიროებს.
დაიმახსოვრეთ, რომ რაც უფრო მეტ სინათლეს მიიღებს მცენარე, უკეთეს შედეგსა და მოსავალს მოგვცემს. ამავდროულად, აუცილებელად გასათვალისწინებელია განათების ხარისხი. იდეალურია LED და MH (მეტალო-ჰალოგენი) განათებები, რომლებიც გვაძლევენ ლუმენების დიდ რაოდენობას, დაბალ ფასად (იგულისხმება გადასახადი).
ავტო-მოყვავილე მცენარის გაზრდისთვის საუკეთესო ვარიანტია ერთი და იგივე განათების ციკლის შენარჩუნება, მცენარის დაბადებიდან, მის დასრულებამდე. განათების ციკლი უნდა მერყეობდეს 18/6 (18 საათი სინათლე, 6 საათი სიბნელე), 20/4 ან 24/0 საათებს შორის.
გამომდინარე იქიდან, რომ ავტო-მოყვავილე მცენარეებს ძირითადად 4-5 კვირა ჭირდებათ ყვავილობის დასაწყებად, კარგი იქნება თუ მათ თავიდანვე დიდ ქოთანში დარგავთ ან 1 კვირის თავზე გადარგავთ პატარა ქოთნიდან. თესლების მწარმოებელი კომპანიების უმეტესობა გვირჩევს, რომ გამოვიყენოთ 10-12 ლიტრის მოცულობის ქოთანი.
ნიადაგში გაზრდისას, არ არის რეკომენდირებული ზრდის ადრეულ ფაზებში სასუქების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ სასუქის გადამეტება. აუცილებლად შეიძინეთ კარგი ხარისხის შეზავებული ნიადაგი, გამოცდილი მაღაზიიდან. 2 კვირის დასასრულიდან, უკვე შეგიძლიათ სასუქი თხევადი სახით მიაწოდოთ ნიადაგს. ყვავილობის დაწყების შემდეგ გამოიყენეთ ძლიერი კვება და მიაწოდეთ ფოსფორი, რათა ჩამოყალიბდეს დიდი და წებოვანი ყვავილედები.
არსებობს გავრცელებული აზრები, რომ ავტო-მოყვავილე მცენარე, გაღვივებიდან დასრულებამდე ზუსტად 3 თვეს ანდომებს. ეს ასე არ არის, არსებობენ ავტო-ჯიშები, რომლებსაც 4 თვე და მეტიც კი ჭირდებათ დასასრულებლად. ეს დამოკიდებულია მცენარისთვის შექმნილ გარემო-პირობებზე.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თესლის მწარმოებელი თითქმის ყველა კომპანია, შეფუთვას აწერს სავარაუდო ზრდის პერიოდს (3-3,5 თვე).
მოსავლის აღებამდე 10-12 დღით ადრე, მცენარე კარგად ჩარეცხეთ, დაახლოებით ქოთნის მოცულობის 4-5ჯერ მეტი რაოდენობის სუფთა წყლით, რათა ნიადაგიდან გამოდევნოთ მარილები და სასუქები და ნაყოფის გემო იყოს უფრო სუფთა და რბილი.
ავტო-მოყვავილე ჯიშის კულტივაცია გარეთ (Outdoor Growing)

გარკვეულ დონეზე, ავტო-მოყვავილე ჯიშების გაზრდა რეკომენდირებულია გარეთ, რადგან მცენარე მიიღებს ნატურალური მზის სინათლის დიდ რაოდენობას, რაც აისახება მისი პროდუქტის ხარისხსა და რაოდენობაზე. გარდა ამისა მზის სინათლე უფასოა 🙂
თავიდანვე გამოიყენეთ დიდი მოცულობის ქოთანი, დაახლოებით 20 ლიტრამდე. მოერიდეთ მცენარის შემდგომ გადარგვას, მოკლედ დაიწყეთ ზრდა საბოლოო ქოთნით. თუ გინდათ გაზარდოთ მიწაში, ამოთხარეთ საკმარისი მოცულობის ორმო და დაამატეთ მასში კარგი ხარისხის შეზავებული ნიადაგი, ასე მცენარის ფესვები უფრო სწრაფად და მარტივად განვითარდებიან.
მიუხედავად იმისა, ქოთანში გაზრდით თუ პირდაპირ მიწაში, აირჩიეთ მზიანი ადგილი, სადაც მცენარე მიიღებს მზის სინათლის მაქსიმუმს და არაფერი დაჩრდილავს მას. ქოთნის გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ მზის მოძრაობის მიხედვით ატაროთ მცენარეც.
როგორც Indoor ზრდისას, არც გარეთ არის რეკომენდირებული მცენარისთვის პირველი ორი კვირის განმავლობაში სასუქების მიცემა. მეორე კვირის დასასრულს, შეგიძლიათ მისცეთ აზოტის შემცველი სასუქების დაბალი ოდენობა, ასე მცენარე გაძლიერდება და მყარად გაიზრდება. ყვავილობის დაწყებასთან ერთად გაზარდეთ ფოსფორის მიწოდების დოზა.
ექსპერტი გროუერები გვირჩევენ, რომ თავი შევიკავოთ ავტო-მოყვავილე ჯიშების გასხვლა-გაკრეჭვისაგან, რადგან ხშირად ეს გამოიწვევს მცენარის სტრესს და ყვავილედების რაოდენობის შემცირებას.
არ არის აუცილებელი გვიანი გაზაფხულისთვის დაცდა. უბრალოდ დარწმუნდით, რომ გარეთ არც ისე ძალიან ცივა და ეს უკვე იმის ნიშანი იქნება, რომ შეგიძლიათ მცენარე გაზარდოთ. საქართველოში, სეზონზე ორჯერ ხდება ავტო-მოყვავილე მცენარის მოყვანა.
ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!
შეიძინეთ კანაფის თესლი აქ
