როგორ გავზარდოთ კანაფი სახლში?

თუ დაინტერესებული ხართ კანაფის გაზრდით, მაგრამ ჯერჯერობით არ გაქვთ გამოცდილება, შესაძლოა ეს საქმე საკმაოდ რთულად მოგეჩვენოთ. სასოწარკვეთას ნუ მიეცემით! მიუხედავად იმისა, რომ კანაფის გაზრდა მართლაც დიდი გამოწვევაა, საბაზისო ინფორმაციის მიღება და იმის ცოდნა, თუ როგორ აირიდოთ თავიდან ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, ნამდვილად გაგიადვილებთ მუშაობის პროცესს.

კანაფის შინ გაზრდას ბევრი უპირატესობა გააჩნია. მათ შორისაა პრივატულობა და უსაფრთხოება, რასაც საკუთარ სახლში ყოფნისას განიცდით. გარდა ამისა,  თქვენ შეგიძლიათ უკეთ აკონტროლოთ გარემო, რომელშიც მცენარე მოგყავთ; შეარჩიოთ მისთვის საჭირო, ოპტიმალური განათება და ტემპერატურა; მავნებლების „შემოსევის“ რისკიც ბევრად ნაკლებია.

ჩვენ მოგიყვებით, როგორ დაიწყოთ მოგზაურობა კანაფის კულტივირების საოცარ სამყაროში. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს რჩევებს ყურადღებით გაეცნობით, წარმატებული და უხვი მოსავალი გარანტირებული გექნებათ.

არსებობს 9 ძირითადი ფაქტორი, რომლებზეც დამოკიდებულია თქვენი კანაფის ზრდა: ოთახი, სადაც განათავსებთ მცენარეს (გროურუმი, ბოქსი), განათება, მიწა (ნიადაგი), ქოთანი, ნუტრიენტები (საკვები ნივთიერებები), მორწყვა, pH მჟავიანობის რეგულირება, ვენტილაცია და ზრდის პროცესის კონტროლ-მონიტორინგი.  თითოეულ მათგანს ჩავუღრმავდებით, მაგრამ მოდით, ჯერ ვისაუბროთ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე – თესლის გაღვივებაზე.

კანაფის თესლის გაღვივება

ბუნებრივია, ზრდის პროცესი იწყება თესლის გაღვივებით. ყველაზე მარტივი, ნაკლებრისკიანი ვარიანტია უშუალოდ ნიადაგის გამოყენება.

მოათავსეთ თესლი ერთ სანტიმეტრ სიღრმეზე კარგად დამუშავებულ და ნესტიან მიწაში, 20-25° ტემპერატურაზე. გაღვივების სხვა მეთოდები, მაგალითად ქაღალდის ან მხოლოდ წყლის გამოყენება შეიცავს გარკვეულ რისკებს. ამიტომ, ჩვენ მათ არ შევეხებით.

მას შემდეგ, რაც თესლს მოათავსებთ ნიადაგში, შეინარჩუნეთ მისი ტენიანობა და არ გამოაშროთ. თუმცა, არც ზედმეტი წყლის დასხმა ვარგა.

თქვენ მიერ არჩეული თესლის ხარისხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

თესლის გაღვივების სხვა მეთოდის შესახებ ნახეთ აქ

მთავარი ფაქტორები კანაფის სახლში გასაზრდელად

ოთახი(გროურუმი, ბოქსი)

ადგილი, სადაც კანაფს გაზრდით, უნდა იყოს სპეციალურად მისთვის გამოყოფილი ოთახი, ან ნებისმიერი ფართი, სადაც მისი განთავსება მიზანშეწონილია. შეგიძლიათ გამოიყენოთ კარადა, კუთხე თქვენს სარდაფში ან ტენტი. ამ უკანასკნელს კი არაერთი მაღაზია გვთავაზობს, თანაც სხვადასხვა ზომებში. მის შეძენამდე აუცილებლად განსაზღვრეთ, რამდენი მცენარის დარგვას აპირებთ და რამხელა სივრცე გჭირდებათ. ცოტა კანაფს შედარებით ადვილად მოუვლით. თანაც, მავნებლების ან სხვა გართულებების შემთხვევაში, ბევრად ნაკლები დანაკარგი გექნებათ, ვიდრე  დიდი მოსავლის ქონისას გექნებოდათ.

პატარა სივრცის უპირატესობა ისიცაა, რომ ნაკლები და შესაბამისად მცირე ღირებულების აღჭურვილობა დაგჭირდებათ განათებისა და სავენტილაციო სისტემის დასაყენებლად. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორია საკმარისი უნდა იყოს თქვენთვის სასურველი რაოდენობის კანაფის დასათესად და გაზრდილი მცენარეები ხელს არ უნდა უშლიდნენ ერთმანეთს.

განათება

განათების ფორმა და ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები ფაქტორია წარმატებული ზრდისთვის. ამ ასპექტში ძუნწობასა და თანხების დაზოგვას ნამდვილად არ გირჩევთ. დღესდღეობით ძალიან დიდი არჩევანია ბაზარზე, რაც რეალურად, უფრო დაგაბნევთ, ვიდრე დაგეხმარებათ. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული ვარიანტები.

HID განათება

HID – მაღალი ინტენსივობის განმუხტვის ნათურები ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება მაღალი ხარისხისა და ეფექტურობის გამო. მათ შორის ყველაზე პოპულარულია MH – მეტალო ჰალოგენის ნათურები, რომლებსაც ზრდის ვეგეტატიურ ფაზაში იყენებენ. HPS – სოდიუმის ნათურები კი, თავიანთი მოწითალო ნათებით, ოპტიმალური გადაწყვეტაა ყვავილობის პერიოდისათვის.

LED განათება

LED განათების პოპულარობა დღითიდღე იზრდება. სხვა განათებებთან შედარებით მას რამოდენიმე უპირატესობა გააჩნია: მაღალი ეფექტურობა და HID ნათურებზე ბევრად ნაკლები ენერგოხარჯი. თუმცა, ასეთი ნათურები ცოტა ძვირი ღირს. რაც განაპირობებს ბაზარზე ბევრი უხარისხო განათების არსებობას. სანამ ყიდვას გადაწყვეთ, აუცილებლად ჩაატარეთ მცირე კვლევა და გამოცდილ კულტივატორებს ჰკითხეთ აზრი.

ნიადაგი

არსებობს კულტივირების  უნიკალური მეთოდები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა ტიპის ნიადაგს. მაგალითად, ჰიდროპონიული, აეროპონიული ან ქოქოსში გაზრდის ტექნიკები. ამ სტატიაში შევეხებით მხოლოდ ტრადიციულ და მარტივ გზას – კანაფის მოყვანას უშუალოდ მიწაში. დამწყებთათვის ეს მეთოდი მომგებიანია იმ მიზეზის გამო, რომ შედარებით ადვილია შეცდომების გამოსწორება.

მეორე მხრივ კი, უამრავი განსხვავებული შემადგენლობისა და ხარისხის საქოთნე მასალა (მიწა) გვხვდება ბაზარზე. კარგი ხარისხის ნიადაგების უმეტესობა ვარგისია კანაფის გასაზრდელად. თუმცა, გირჩევთ, თავიდან აირიდოთ ის პროდუქცია, რომელიც შეიცავს გახანგრძლივებული მოქმედების სასუქებს.

თითქმის ყველა მზა ნიადაგი შეიცავს სასუქს, მაგრამ ეს ნუტრიენტები ზრდის მთელი პროცესისთვის არ კმარა. ისინი საშუალოდ 3-4 კვირას ძლებენ, რაც მცენარის განვითარების ვეგეტატიურ ფაზას ყოფნის. ყვავილობის პერიოდში კი, სასუქის დამატებით მიცემა უნდა დაიწყოთ.

ზოგი გამოცდილი კულტივატორი, საუკეთსო შედეგის მისაღწევად, თავად ამზადებს ორგანულ ნიადაგს, რომელშიც ყველანაირ სასარგებლო ინგრედიენტს ურევს, მაგალითად  მიწის ჭიაყელისა და ღამურის ექსკრემენტებს.

სუპერნიადაგის მარტივი რეცეპტი თქვენი კანაფისთვის

ქოთანი

კანაფის გასაზრდელად უამრავი ტიპის ქოთანს აღმოაჩენთ. დაწყებული პლასტმასის უბრალო კონტეინერებით, დამთავრებული სპეციალურად შექმნილი ნაჭრის ან გონიერი ქოთნებით, რომლებსაც ავტომატური მორწყვის ფუნქცია აქვთ. თუმცაღა, თუ სტანდარტული ქოთანი გაკმაყოფილებთ, ბევრი წვალება არ მოგიწევთ არჩევაზე, მთავარი კრიტერიუმი მხოლოდ მისი ზომა იქნება. სასურველია, მინიმუმ 20 ლიტრი ტევადობით დაიწყოთ. მთავარია, მას ქონდეს სადრენაჟო სისტემა. სწორედ ამიტომ აქვს ქოთნებს გახვრეტილი ძირი. ზოგ მათგანს კი თავად უნდა გაუხვრიტოთ. მთლიანობაში, ყვავილებისთვის განკუთვნილი, მართკუთხა ქოთანი სრულიად საკმარისი იქნება თქვენი კანაფისთვის.

ნუტრიენტები (საკვები ნივთიერებები)

თუ თქვენ არ იყენებთ სასუქით გაჯერებულ მიწას, რაც საკმარისი იქნებოდა ზრდის მთელი პროცესისთვის, მაშინ, რაღაც ეტაპზე, მოგიწევთ მცენარისთვის ნუტრიენტების მიწოდება. კანაფის სასუქი არსებობს როგორც თხევადი, ისე პუდრის სახით. ისინი უნდა გამოიყენოთ მორწყვისას, გარკვეული ინსტრუქციების მიხედვით.

ნუტრიენტები, როგორც წესი, იყოფა ვეგეტატიური ფაზისა და ყვავილობის პერიოდის სასუქებად. ეს განპირობებულია იმით, რომ კანაფს ზრდის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული „კვება“ ესაჭიროება. შესაბამისად, თქვენ დაგჭირდებათ მინიმუმ ორი ბოთლი სასუქი და თქვენი მცენარის მიკრონუტრიენტული რეჟიმიდან გამომდინარე, სავარაუდოდ უფრო მეტიც.

სასუქით „დაწვა“ და ნუტრიენტების გადაჭარბებით გამოწვეული სხვა პრობლემები ხშირად გვხვდება დამწყებ კულტივატორებში. ჭარბსასუქიანობის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, დასაწყისისთვის გამოიყენოთ რეკომენდირებული დოზის ნახევარი, ან ზუსტად მიყვეთ ინსტრუქციებს, სანამ არ გაიაზრებთ, რომ მწარმოებლები ყოველთვის მეტ სასუქს გირჩევენ – ბოლოს და ბოლოს, ისინი თავიანთი პროდუქციის გაყიდვაზე არიან ორიენტირებულნი.

ახლად აღმოცენებული კანაფი 2-3 კვირის მანძილზე არ საჭიროებს ნუტრიენტებს. სასუქი მიაწოდეთ მხოლოდ ფოთლების მესამე „სართულის“ განვითარების შემდეგ და გახსოვდეთ, რომ ადრეულ ეტაპზე სასუქების გადაჭარბება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა.

საკვები ნივთიერებების დეფიციტის გაგება და თავიდან აცილება

მორწყვა

კანაფის მორწყვა ძალიან ადვილ საქმედ გვეჩვენება. სინამდვილეში კი, ახალბედა გამზრდელები ძალიან ხშირად უშვებენ შეცდომებს ამ ასპექტში.

სასურველია, მცენარეს წყალი მიაწოდოთ იშვიათად და კარგად, ვიდრე ხშირ-ხშირად და ცოტათი. მორწყეთ ზედმიწევნით მანამ, სანამ ნიადაგი სრულად არ გაიჟღინთება და წყალი სადრენაჟო ნახვრეტებიდან არ გამოვა. შემდეგ მორწყვამდე ნიადაგს სრულად გამოშრობა დააცადეთ, რაც შეგიძლიათ განსაზღვროთ ქოთნის აწევით და მისი სიმძიმით. უმჯობესია მცენარეს შეეპაროს ოდნავი სიმჭკნარე, ვიდრე წყლით ზედმეტად გაჯერდეს. რაც ასევე ფართოდ გავრცელებული შეცდომაა, რომელსაც ახალბედები უშვებენ.

pH (მჟავიანობის) რეგულირება

კანაფის მორწყვა და „გამოკვება“ ყველაფერი არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია მჟავიანობის დონის ადეკვატურ ნიშნულზე შენარჩუნება. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ სწორ pH დონეზე შეუძლია მცენარეს, წყლიდან აითვისოს სასუქი. ნიადაგში გაზრდისას, წყლის მჟავიანობა უნდა იყოს 6.0 – 7.0 მაჩვენებლებს შორის. გამოიყენეთ pH-ის საზომი ლაკმუსები და pH მეტრები, რათა მუდმივად აკონტროლოთ მისი დონე. მის გასაზრდელად ან შესამცირებლად გამოიყენეთ შესაბამისი – pH ამწევი და pH დამწევი საშუალებები. შესაძლებელია ლიმონის გამოყენებაც.

სავენტილაციო სისტემა

კანაფს ოპტიმალური ზრდისთვის ეასჭიროება ჰაერი. ზოგი გამოცდილი გამზრდელი იყენებს დახვეწილ სისტემებს, რომლებიც მცენარეებს ნახშირორჟანგით ამარაგებს და სუნს აშორებს. ჯერჯერობით თქვენ ეს არ გჭირდებათ. დასაწყისისთვის უბრალო ვენტილიატორიც კმარა. ჰაერის მსუბუქი ნიავი დაგეხმარებათ ტემპერატურის შენარჩუნებაში, თავიდან აგარიდებთ ნესტს, ობსა და მწერებს. უფრო მეტიც, მუდმივი სიო გახდის თქვენი მცენარის ღეროებსა და ტოტებს უფრო ძლიერსა და მდგრადს.

ზრდის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი

თითქმის ყველაფერი გავარკვიეთ და ოპტიმალური გარემოც შევქმენით კანაფისთვის. გვაქვს მშვენიერი კუთხე მის გასაზრდელად, განათება და ვენტილაცია. შევარჩიეთ ნუტრიენტები და რასაკვირველია, სასურველი ჯიშის თესლიც. ისღა დაგვრჩენია გავაკონტროლოთ და დავაფიქსიროთ ზრდის პროცესი.

პირველ რიგში, უნდა გააკონტროლოთ რა დოზით იღებს კანაფი სინათლეს. თქვენით უნდა დაარეგულიროთ დღისა და ღამის ციკლი. როგორც დამწყები გამზრდელი, სავარაუდოდ აუტომოყვავილე ჯიშს შეარჩევთ, რომელსაც ნაკლებად სჭირდება ციკლის კონტროლი. შეგიძლიათ განათება ტაიმერზე დააყენოთ და 24-დან 18 საათი სინათლე გენთოთ.

უფრო რთულ ვარიანტში, როცა არააუტო ჯიშს ზრდით, ვეგეტატიური ფაზა და ყვავილობის პერიოდი კი დამოკიდებულა დღე-ღამის ციკლზე, შეგიძლიათ კვლავ ტაიმერი გამოიყენოთ. ასეთ შემთხვევაში, 12 საათიანი სიბნელით უნდა გამოიწვიოთ ყვავილობის პერიოდის გააქტიურება.

როგორც კი კანაფის გასაზრდელად საჭირო ამ ფუნდამენტურ საკითხებს გაითავისებთ, შეგიძლიათ გადაერთოთ სამუშაო პროცესზე და უხვი მოსავლის იმედიც გქონდეთ. მცირე ხარვეზებისა და შეცდომების გამო ხელს ნუ ჩაიქნევთ! სწორედ ამ გზით გახდებით პროფესიონალი კულტივატორი. არავინ დაბადებულა ამ ცოდნით და რაღაც ეტაპზე ყველამ განვიცადეთ წარუმატებლობა. გისურვებთ წარმატებებს და ხარისხიან მოსავალს!

დაელოდეთ მომდევნო სტატიებს იგივე თემაზე. მანამდე კი, კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ან დაგვისვით თქვენთვის საინტერესო კითხვები!

წყარო

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა