კანაბიდიოლის ძალა (მესამე ნაწილი)

CBD-ს, შესაძლოა, ანტიფსიქოზური თვისებებიც ჰქონდეს. გენეტიკურად მიდრეკილ ინდივიდებში [CBD-ს] მონათესავე კანაბინოიდ THC-ს დიდი დოზის შემთხვევაში ფსიქოზური სიმპტომების გამოწვევა შეუძლია.

ადრეულ ასაკში მარიხუანის ხშირი მოხმარება ფსიქოზური აშლილობების განვითარების დიდ რისკთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, ეს იმითაც არის განპირობებული, რომ THC თავის ტვინის განვითარებას ცვლის. ზუარდის მსგავსად, ლონდონის კინგს კოლეჯის მეცნიერებმა იპოვეს მტკიცებულება, რომ CBD-ს THC-ს მიერ გამოწვეული ფსიქოზური ეფექტებისშემცირებაშეუძლია. 

შესაძლოა, CBD შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოიყენონ მომავალში, რომლის მთავარი სიმპტომი ფსიქოზია. მეცნიერები ამჟამად ტესტავენ CBD-ს, როგორც შესაძლო პროფილაქტიკურ საშუალებას შიზოფრენიის წინააღმდეგ.

ბევრი იმ ადამიანთაგან,  ვისაც შიზოფრენია უვითარდება, თავდაპირველად ე.წ. პროდრომულ [დაავადების საწყის] ფაზას გადის. ამ დარღვევების მქონე ადამიანები ბოდვებით და მოჩვენებებით იტანჯებიან. ზოგი აცნობიერებს, რომ ჰალუცინაციები რეალური არ არის და ხშირად მიმართავს ფსიქიატრის დახმარებას.  ლონდონის კინგს კოლეჯის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ასეთი პაციენტებისთვის ერთჯერადად მიცემულ CBD-ის 600 მილიგრამიან დოზას თავის ტვინის იმ რეგიონების ნაწილობრივი ნორმალიზება შეუძლია, რომლებიც, როგორც fMRI ვიზუალიზაციაზე [ტექნიკა რომლითაც ტვინის აქტიურობის აღრიცხვა ხდება] გამოჩნდა, როგორც შიზოფრენიულ ეპიზოდებში დისფუნქციური ხდება. 

შემდგომი კვლევის ფარგლებში იმ პაციენტთა დიდი ჯგუფის პროფილაქტიკური მკურნალობა მოხდება, რომლებიც ითვლება, რომ ფსიქოზის ზღვარზე [საწყის ეტაპზე] არიან. შიზოფრენიის მკურნალობის ახლანდელი მეთოდები დაავადების მართვას მხოლოდ მისი დაწყების შემდეგ ითვალისწინებს. ისეთი მედიკამენტი კი, რომელიც ან შეანელებს ან, ვაქცინის მსგავსად, დაავადების გაჩენასა და განვითარებას საერთოდ შეაფერხებს, დიდ და მოუგვარებელ საკითხს გადაჭრიდა. “თუ ეს იმუშავებს, რევოლუცია  იქნება,” მითხრა პროექტში ჩართულმა საო პაულოს უნივერსიტეტის მეცნიერმა ხოსე კრიპამ.    

გონივრულია შემდეგი კითხვის დასმა: კანაფში ბუნებრივად არსებულ CBD-ს რატომ არ შეუძლია რეკრეაციული მომხმარებლების დაცვა THC-ს უარყოფითი ზემოქმედებისგან?

[კანაფის] ძველ ნაირსახეობებში, სადაც CBD-სა და THC-ს შემცველობა ერთნაირი იყო: ერთი-ერთთან ან თანაბარი ფარდობით, შესაძლოა, იცავდა კიდეც ძველი დროის მომხმარებლებს. მაგრამ THC-ს შემცველობის დონე დღევანდელ კანაფის ყვავილში, როგორც წესი, სამჯერ მეტია კანაფის იმ პროდუქტებში, რომელსაც რეკრეაციული მიზნით ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ეწეოდნენ. ეს მისისიპის უნივერსიტეტის მიერ შავ ბაზარზე არსებული მარიხუანის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომლის მიხედვითაც ამავე პერიოდის განმავლობაში CBD-ს კონცენტრაცია  50%-ით შემცირდა.

ორ კანაბინოიდს შორის პროპორციები ასე შეიცვალა: THC-ის თანაფარდობა CBD-სთან მიმართებაში, ორი ათწლეულის განმავლობაში, შემდეგნაირად გადანაწილდა: იყო 14/1-ზე და გახდა 80/1-ზე [THC/CBD].   

თანამედროვე კანაფი გაცილებით ტოქსიკურია თავის ტვინისთვის, ამბობს მაუნთ საინაის დამოკიდებულების ინსტიტუტის დირექტორი იასმინ ჰარდი. 

რამდენიმე წლის წინ ჰარდიმ აღმოაჩინა, რომ როგორც მარიხუანის ლეგალიზების მოწინააღმდეგეები დიდი ხანია ირწმუნებიან, THC-ს შეუძლია მღრღნელებში ჰეროინის ძებნისკენ მიდრეკილი ქცევა გამოიწვიოს, ის მოქმედებს როგორც  “gateway drug” [ნივთიერება, რომელიც სხვა უფრო ძლიერი ნარკოტიკების მოხმარებისკენ უბიძგებს]. მაგრამ მან ასევე აღმოაჩინა, რომ CBD ნარკოტიკის ძებნისკენ მიდრეკილ ქცევას ასუსტებდა [ანუ, THC-ს საწინააღმდეგოდ მოქმედებდა]. ამის გამო მან თემის ფოკუსიც კი შეცვალა. ახლა ჰარდი იკვლევს, თუ როგორ შეუძლია CBD-ის დაეხმაროს ოპიოიდზე დამოკიდებულ პირებს მავნე ჩვევის გადაგდებაში. 

ჰარდის კვლევა, რომელიც სხვებმაც გაიმეორეს, მიუთითებს, რომ CBD, შესაძლოა, ოპიოდზე დამოკიდებულ ადამიანებს განკურნების პროცესში რეციდივის თავიდან აცილებაში დაეხმაროს, რაც დაავადების მთავარი გამოწვევაა. ჰარდი დარწმუნებული არ არის, თუმცა იმედოვნებს, რომ შფოთვისა და ლტოლვის შეგრძნების შემცირებით, რომლებიც რეციდივის მთავარი მაპროვოცირებლები არიან, CBD პაციენტებს მკურნალობის  გაგრძელებაში ეხმარება.

შფოთვის სამკურნალო სხვა მედიკამენტებისგან განსხვავებით, CBD მიჩვევას არ იწვევს, რაც, შესაძლოა უკიდურესად საჭირო ახალი იარაღი აღმოჩნდეს იმ ეპიდემიასთან ბრძოლაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღიურად 130-ზე მეტ სიცოცხლეს იწირავს [იგულისხმება ოპიოიდების კრიზისი]. 

THC-საც ისევე, როგორც CBD-ს, შესაძლოა, თერაპიული დანიშნულებაც ჰქონდეს, განსაკუთრებით ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც ხშირად ადამიანებს ოპიოდზე დამოკიდებულებს ხდის [იგულისხმება ტკივილგამაყუჩებლების ზომაზე მეტად, არადანიშნულებისამებრ, მოხმარება, რაც პაციენტს მათზე დამოკიდებულს ხდის]. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ კიბოთი დაავადებულ პაციენტებს ნაკლები ოპიოდური ტკივილგამაყუჩებელი ჭირდებათ, თუ ისინი კანაფის პროდუქტებს მოიხმარენ. აგრეთვე, იმ შტატებში, სადაც სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზება მოხდა, ოპიოდის მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, რაც, შესაძლოა, იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანები, ვისაც ისეთ ტკივილგამაყუჩებლებზე მიუწვდებათ ხელი, რომლებიც მიჩვევას ნაკლებად იწვევენ, ოპიოდზე დამოკიდებულების განვითარების ნაკლები რისკი აქვთ. 

CBD, შესაძლოა, უკიდურესად საჭირო ახალი იარაღი აღმოჩნდეს ეპიდემიასთან ბრძოლაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად 130-ზე მეტ სიცოცხლეს იწირავს. 

მცენარეული წარმოშობის კანაბინოიდების სხვა თვისებებიც, შესაძლოა, რევოლუციური აღმოჩნდეს. ნიუ იორკის უნივერსიტეტის მეცნიერები სწავლობენ CBD-ს, როგორც აუტიზმის სპექტრის აშლილობების შესაძლო სამკურნალო საშუალებას. ესპანელი მეცნიერები ამოწმებენ THC-სა და CBD-ის [მოქმედებას] ტვინის აგრესიულ სიმსივნეზეც – გლიობლასტომაზე. ისრაელში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ CBD-ს შეუძლია შეამციროს  გრაფტი-მასპინძლის დაავადების მოქმედების/გავრცელების არეალი ისეთ პაციენტებში, რომლებსაც ძვლის ტვინი აქვთ გადანერგილი, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ კანაბინოიდი იმუნურ სისტემას ამშვიდებს და პაციენტზე მის თავდასხმას აფერხებს.  

როგორ შეუძლია მოლეკულების ერთ ოჯახს ამდენი ავადმყოფობის მკურნალობა? ყველაზე ნათელი პასუხი ის არის, რომ, შესაძლოა, ვერც უმკურნალოს. ეს პირველადი/საწყისი კვლევებია და შესაძლოა, წარმატებით არც დასრულდეს.

მეცნიერები ხშირად გვთავაზობენ ამ არგუმენტის გამაწონასწორებელ განმარტებას: ბევრი ქრონიკული დაავადება, რომელებსაც თითქოს საერთო არაფერი აქვთ, მსგავსი სახის ნეირო-დისფუნქციით ხასიათდება [ანუ ნევროლოგიური დაზიანებების მექანიზმი ერთმანეთს ჰგავს]. მაგალითად, ანთება და ოქსიდაციური სტრესი ხდება შიზოფრენიის შემთხვევაშიც, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული დარღვევების, აგრეთვე გულისა და სხვა დაავადებების დროსაც.

თერაპიული თვალსაზრისით CBD-ის, ზოგიერთ შემთხვევაში THC-ის და შესაძლოა, კანაფში შემავალ 100-ზე მეტი კანაბინოიდის სასწაულმოქმედი ზეგავლენა იმით იყოს განპირობებული, რომ ენდოკანაბინოიდური სისტემის “ჩქმეტით” [წახალისებით] ისინი სხეულს დაავადებებიდან [საგანგებო მდგომარეობიდან] მშვიდი მდგომარეობისკენ უბიძგებენ, რომელსაც სამედიცინო ენაზე ჰომეოსტაზი ჰქვია. 

სხვა მაგალითებიც არსებობს იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ, უნიკალურ მედიკამენტს სხვადასხვა კლინიკური მდგომარეობების გაუმჯობესება. რამდენი ხანია, ვიცნობთ ასპირინს, როგორც სიცხის დამწევსა და თავის ტკივილის სამკურნალო საშუალებას. მაგრამ მცირე დოზებით ის ასევე გამოიყენება ინსულტის, გულის შეტევისა და ორსულებში პრეეკლამფსიის რისკის შესამცირებლად. ასპირინი ასევე ფიგურირებს, როგორც ერთ-ერთი დამხმარე საშუალება შიზოფრენიის მკურნალობისას.

ასპირინს უარყოფითი გვერდითი მოვლენებიც აქვს, მაგალითად, სისხლდენის მომატებული რისკი. მაგრამ CBD-ის მსგავსად, მისი ფართოდ გამოყენება, შესაძლოა, ნაწილობრივ მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით აიხსნას. CBD-ს მსგავსად, ასპირინიც მცენარისგან მიიღება.

ასპირინის აქტიური ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა პირველად ტირიფის ქერქისგან მიიღეს და ის ხალხური სამკურნალო საშუალება იყო ათასობით წლის განმავლობაში, ვიდრე მეცნიერებმა მისგან, საბოლოოდ მე-19-ე საუკუნის ბოლოს, აბი არ დაამზადეს.

ხალხური მედიცინა, მოგონილ ამბებთან მთელი მისი ასოციაციებით, მნიშვნელოვანი სამედიცინო აღმოჩენების ავტორია წარსულში და შესაძლოა, მისი ეს ფუნქცია მომავალშიც გახდეს აქტუალური.

♦ ეს სტატია თავდაპირველად ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის ონლაინ პლატფორმაზე, 2019 წლის 14 მაისს გამოქვეყნდა,  სათაურით Can CBD Really Do All That? 

♦ თარგმანის დანარჩენი ნაწილების სანახავად გადადით შემდეგ ლინკებზე: 

⇒ პირველი ნაწილი

⇒ მეორე ნაწილი 

♦ სტატია თარგმნა ნანა ნასყიდაშვილმა. ნანა გამომძიებელი ჟურნალისტია. ის “სტუდია მონიტორში” მუშაობდა, მაგისტრის ხარისხი კი მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მიიღო, 2015-2017 წლებში, Fulbright-ის სტიპენდიის ფარგლებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას სტაჟირება გაიარა Newsweek-ის ნიუ იორკის რედაქციაში. ჟურნალისტური საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.