
ინფორმაცია საქართველოში მარიხუანის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობით, მარიხუანის შეძენა-შენახვა, ნებისმიერი ოდენობით არის დასჯადი ქმედება. დეკრიმინალიზებულია, მხოლოდ, მისი მოხმარება, რაც კანონმდებლობის მიხედვით, ნიშნავს ადამიანის ბიოლოგიურ მასალაში (შარდი/სისხლი) მისი კვალის აღმოჩენას.

რაც შეეხება შეძენა-შენახვას, მარიხუანის (იგულისხმება მცენარისგან გამოცალკევებული მისი ნებისმიერი ნაწილი, ყვავილი, ფოთოლი თუ ღერო, არ აქვს მნიშვნელობა) შეძენა-შენახვა დასჯადია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობით.
- 5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას (ნედლი – 10გრ) შეძენა-შენახვა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 500 ლარის ოდენობით.
- 5 გრამიდან 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას (ნედლი 10-140გრ) შეძენა-შენახვა წარმოადგენს დანაშაულს (სისხლის სამართალი) და იწვევს ნასამართლობას. სასჯელის ნაწილში, დაუშვებელია თავისუფლების აღკვეთა (მათ შორის პირობითი მსჯავრიც), თუმცა ითვალისწინებს ჯარიმას და საზ. სასარგებლო შრომას.
- 70 გრამიდან- 500 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა (ნედლი 140-1000გრ) არის დიდი ოდენობა, რაც ისჯება ჯარიმით ან საზ. სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.
- 500 გრამზე მეტი ოდენობის გამომშრალი მარიხუანა (ნედლი 1000 გრ-ზე მეტი), არის განსაკუთრებით დიდი ოდენობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 6 წლამდე.
- ყველა სხვა სახის მარიხუანა (ჰაშიში, ზეთი ან სხვა სახით გადამუშავებული მარიხუანა) კონტროლდება უფრო მკაცრი კანონმდებლობით, და მათი გაცილებით მცირე ოდენობები მიჩნეულია, როგორც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.
ნარკოტიკულ დანაშაულზე, მათ შორის, მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლის კოდექსით ნასამართლობის შემთხვევევაში, განაჩენით იზღუდება რიგი სამოქალაქო უფლებები, როგორიცაა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სახელმწიფო და საბიუჯეტო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობა, პასიური საარჩევნო უფლება.