
როგორ მოვიხმაროთ ჟიჟა და წუნწუხი?
აპრილის ბოლოს უკვე მიზანშეწონილია ღია გრუნტში დავთესოთ კანაფი, ხოლო დახურულ სათბურებში/ბოქსებში გამოყვანილი ნერგები მაისის დასაწყისიდან გავიტანოთ გარეთ დასარგავად. მცენარეთა დასახმარებლად კი შეგვიძლია გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი.
როგორც წესი, მოსავლის სიუხვის მისაღწევად ხდება ამ წესის გამოყენება. თუმცა, რომ გვქონდეს ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი, სოფლებში მაცხოვრებლებმა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი, რომლის მომზადების წესი ბევრს მცდარად აქვს შესწავლილი და ხდება ისე, რომ მცენარეს არათუ ზრდაში უშლის ხელს, ანადგურებს კიდეც.
საჭირო რჩევას გვაძლევს ცნობილი აგრონომი აკაკი ღლონტი: – არაერთი მეურნე მინახავს, რომელიც ჟიჟას და წუნწუხს ერთმანეთისგან არ ასხვავებს და ეს ორი სახელი ერთი და იგივე მნიშვნელობისა ჰგონია. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ აპრილის ბოლოდან იწყება პერიოდი, როცა ჩვენს ბოსტნებში, ღია სათბურებში თუ ხეხილოვან ბაღებში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს ბიოსტიმულატორები.
როგორ დავამზადოთ და როგორ გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი?
ჟიჟა საქონლის ნაკელისგან მომზადებული მასაა, წილობრივად 1:1 შემადგენლობით. მაგალითად, 50 კგ ახალ ნაკელს დავასხამთ 50 ლიტრ წყალს და დღეში ორჯერ ვურევთ, ორი კვირის მანძილზე. მასა აუცილებლად უნდა იყოს თავდახურული. ზაფხულში ნაკლები დრო სჭირდება მზაობამდე.
შემდეგ ერთ ლიტრ ჟიჟას ჩავუშვებთ ცხრა ლიტრ წყალში, ავურევთ და ასეთი სახით ერთ ლიტრს დავუსხამთ თითოეულ ძირს. სამწუხაროდ, მცენარეებს ხშირად პირდაპირ უსხამენ მომზადებულ ჟიჟას, რაც დაუშვებელია. გაუზავებელმა ჟიჟამ, შესაძლოა, მცენარე სრულად დათრგუნოს, დაწვას, რადგან დიდი რაოდენობით სასარგებლო სასუქიც საზიანოა. უმჯობესია, ჟიჟის შემოსხმის პროცესი წვიმიან ამინდში მოხდეს.
რაც შეეხება წუნწუხს, ეს არის პირუტყვის შარდი, რომელიც გროვდება ბოსელთან სპეციალურად მოწყობილი შარდსავალის გავლით წინასწარვე მომზადებულ ორმოში. დაგროვების დროს ხდება დუღილის პროცესი. საქონლის შარდი ყველაზე მდიდარია აზოტით – 100 ლიტრი საქონლის შარდი 25-27 კგ ამონიუმის გვარჯილის ექვივალენტია. წუნწუხი, შესაძლებელია, ამოვიღოთ ვედროებით და ნახევარი ლიტრის რაოდენობით დავუსხათ მცენარეს. აღნიშნული მეთოდები ძველია, რომელიც ხალხმა დაივიწყა და პირდაპირ ამონიუმის გვარჯილას უყრიან მცენარეს, რაც ძალიან გვაშორებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან.