CBD (კანაბიდიოლი): როგორ მუშაობს და რა გავლენა აქვს ადამიანის ტვინსა და სხეულზე?

რა არის CBD და რა სამედიცინო პრობლემების ქონის შემთხვევაში გვეხმარება?

კანაბიდიოლი (CBD) კანაფში წარმოებული კანაბინოიდის მოლეკულათა ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც რაოდენობით მხოლოდ THC-ს ჩამორჩება. მცენარისაგან მიღებული ეს კანაბინოიდები ან ფიტოკანაბინოიდები (ბერძნულად ფიტო მცენარეს ნიშნავს) ხასიათდება იმით, რომ მათ შეუძლიათ იმოქმედონ ჩვენში არსებული ენდოკანაბინოიდის სისტემაში შემავალ კანაბინოიდის რეცეპტორებზე. თუ THC კანაფის ძირითადი ფსიქოაქტიური კომპონენტია და აქვს კონკრეტული სამედიცინო ჩვენება, კანაბიდიოლი მისგან გამოირჩევა იმით, რომ არატოქსიკური ელემენტია და დაავადებათა სიმპტომების მკურნალობის ფართო სპექტრში აქვს პოტენციალი: შფოთვა, ანთებითი პროცესები, ტკივილი, კრუნჩხვები და სხვა. სწორედ ამიტომ, კანაბიდიოლი თერაპიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ნივთიერებაა.

რატომ აქვს THC-ისა და CBD-ის განსხვავებული ეფექტები მოქმედებისას?

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქიმიურად ენათესავებიან ერთმანეთს, მაინც სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ადამიანზე. ძირითადი სხვაობა ისაა, რომ THC იწვევს „ნარკოტიკულ თრობას“, CBD კი – არა. ამას ენდოკანაბინოიდის სისტემაზე (ECS) მათი ზემოქმედების განსხვავებული მექანიზმები განაპირობებს. მთავარი ECS რეცეპტორი ჩვენს ტვინში, იგივე CB1, აქტიურდება THC-ის და არა CBD-ს საშუალებით. ამასთანავე, CBD გარკვეულ პირობებში ხელსაც კი უშლის THC-ის, გაააქტიუროს CB1 რეცეპტორი. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რის გამოც კანაფის პროდუქტებში THC:CBD პროპორციის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

სამედიცინო  მტკიცებულებები  კანაბიდიოლის სამკურნალო  ეფექტების შესახებ

CBD-ს შესახებ აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ მას გააჩნია უამრავ, სხვადასხვა ტიპის თერაპიულ პროგრამაში „მონაწილეობის“ პოტენციალი. თუმცა, ასევე აღსანიშნავია – თითოეულ ასეთ პროგრამას აქვს ეფექტიანობის მტკიცებულებათა განსხვავებული რაოდენობა და ხარისხი. ისინი რანჟირდება დაწყებული მიმდინარე კლინიკური ტესტირებებით, რომლებიც აფასებს ადამიანთა აშლილობების მკურნალობისას  CBD-ს ეფექტურობას, დამთავრებული ცხოველებზე ჩატარებული ცდებით, სადაც იკვლევენ მათ ქცევასა და ფსიქოლოგიურ ეფექტებს, ან თუნდაც ინ ვიტრო შრომებით (სატესტო ტუბებით ექსპერიმენტები), სადაც იზომება ფარმაკოლოგიური ინტერაქციები და მოქმედების მექანიზმები. თითოეულ ასეთ კვლევას გააჩნია როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები.

კლინიკური ტესტირებები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ შედეგი, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია პოტენციური თერაპიული აგენტები ადამიანებში, ცხოველებზე ჩატარებული კვლევები და ინ ვიტრო ექსპერიმენტები მკვლევარებს ეხმარება, უფრო დეტალურად შეისწავლონ ბიოლოგიური პროცესები. თუმცა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ტიპის კვლევები  არ ჩატარებულა ადამიანებზე, შედეგები ყოველთვის ისეთი არაა, როგორსაც ვიმედოვნებთ – სამედიცინო ტესტირებებში გამოყენებული მედიკამენტების უმეტესობა დადებით შეფასებას ვერ იღებს. მიუხედავად ამისა, ცხოველებზე ჩატარებული კვლევები მაინც გვაძლევს დიდ, მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ინფორმაციას და სწორედ ამ სფეროში ვაღწევთ ახალ-ახალ გასაოცარ აღმოჩენებს.

რატომ აქვს კანაბიდიოლს ამდენი პოტენციურ თერაპიული სარგებელი?

CBD განსაკუთრებით ცნობილია, რადგან მას იყენებენ ბავშვების ეპილეფსიის სამკურნალოდ, რომელიც დღემდე არ ექვემდებარება სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს.  ამჟამად ტარდება არაერთი კლინიკური ცდა, რომლის პირობებშიც მოწმდება CBD-ს ეფექტურობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში. თუმცა, უკვე არსებული შედეგებით (ძირითადად ცხოველებზე ჩატარებული კვლევების და ინ ვიტრო ექსპერიმენტების მიხედვით), CBD-ს შესაძლოა ქონდეს ნეიროდამცველობითი, ანტიანთებითი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, ასევე პოტენციურ თერაპიული ღირებულებაც ისეთი მოტივაციური აშლილობების წინააღმდეგ, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვა ან მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება.

რა ბიოლოგიური ბაზისი განაპირობებს პოტენციური სარგებლიანობის ასეთ ფართო სპექტრს?  ეს მეტ-ნაკლებად განპირობებულია CBD-ის მრავალმხრივი ფარმაკოლოგიით – მას აქვს უნარი, იმოქმედოს ჩვენს სხეულში არსებულ არამხოლოდ კანაბინოიდის სისტემაზე, არამედ ტვინისა და სხეულის არაერთ სხვა რეცეპტორულ ჯგუფზეც.

ტვინის რეცეპტორული სისტემები

ტვინი შეიცავს დიდი რაოდენობით უაღრესად სპეციალიზირებულ უჯრედებს – ნეირონებს. თითოეული ნეირონი უკავშირდება დანარჩენებს სინაფსებად წოდებული სტრუქტურების საშუალებით. არსებობს ერთგვარი „საიტები“, სადაც ერთი ნეირონი მეორეს უგზავნის ინფორმაციას, ამ გზავნილებს კი ნეიროტრანსმიტერები ქვია.

ნეირონის მგრძნობელობა კონკრეტული ნეიროტრანსმიტერის მიმართ დამოკიდებულია იმაზე, შეიცავს თუ არა იმ რეცეპტორს, რომელიც ერგება ამ ტრანსმიტერს, როგორც როზეტს ერგება სხვადასხვა ელექტრო ხელსაწყოს ბლოკის კბილები. ასეთი რეცეპტორების არსებობის და მათი მორგების შემთხვევაში , ნეირონს შეუძლია დაუყოვნებლივი საპასუხო რეაქცია ქონდეს მიღებულ ინფორმაციაზე. სხვა შემთხევაში კი – კავშირი უბრალოდ არ შედგება. ყველა ნეირონი შეიცავს რამდენიმე ნეიროტრანსმიტერულ რეცეპტორს, რაც მას საშუალებას აძლევს „გაშიფროს“ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები (განსაზღვრულ რეცეპტორზე განსაზღვრული ინფორმაცია, ტრანსმიტერი მოდის).

ტვინის რეცეპტორები მგრძნობიარეა არამხოლოდ იმ ნეიროტრანსმიტერების  მიმართ, რომლებიც თავად სხეულში გამომუშავდებიან, მაგალითად დოპამინის ან სეროტონინის მსგავსად, არამედ იმ „გზავნილების“ მიმართაც, რომლებიც სხეულის გარეთ, თუნდაც მცენარეებში გამომუშავდება, მაგალითად  ისეთი კანაბინოიდები, როგორიცაა THC და CBD. ასე  რომ, როდესაც ვჭამთ ან ვისუნთქავთ მცენარეულ პროდუქტს, საშუალებას ვაძლევთ მასში წარმოებულ ნივთიერებებს, შემოვიდნენ ჩვენს სხეულში, სისხლის მიმოქცევის საშუალებით მიაღწიონ ტვინამდე. იქ კი, ეს მცენარეული წარმოშობის ნაერთები ნეირონულ რეცეპტორებთან ინტერაქციით ერევიან ტვინის აქტივობაში. თუმცა მხოლოდ იმ ნეირონებთან, რომლებსაც შემოსული ტრანსმიტერების აღქმის უნარი აქვთ.

კანაბიდიოლის ეფექტები სხვადასხვა რეცეპტორულ სისტემებზე

მიუხედავად იმისა, რომ ის კანაბინოიდია, CBD პირდაპირ არ შედის ინტერაქციაში ორ კლასიკურ კანაბინოიდურ რეცეპტორთან (CB1 და CB2). ამის ნაცვლად, ის მოქმედებს მათზე არაპირდაპირი გზით. ნაწილობრივ ამით აიხსნება THC-ისგან განსხვავებით CBD-ის არატოქსიკურობა.  ამ რეცეპტორებთან არაპირდაპირი კავშირით, CBD-ის შეუძლია გაზარდოს სხეულის მიერ ნაწარმოები კანაბინოიდის (ენდოკანაბინოიდი) დონე, რაც ხორციელდება გარკვეული ენზიმების ინჰიბირებით.

უფრო მეტიც, CBD-ის გავლენა აქვს ბევრ არაკანაბინოიდურ რეცეპტორულ სისტემაზე. ის ინტერაქცციაში შედის არაერთი წამლისა და ნეიროტრანსმიტერის მიმართ სენსიტიურ რეცეპტორებთან. რაც მოიცავს ოპიოიდურ რეცეპტორებს, რომლებიც ცნობილია ტკივილის რეგულირების ფუნქციით.  ოპიოიდური რეცეპტორები არის ფარმაკოლოგიური ტკივილგამაყუჩებლების (მორფინი, ჰეროინი, ფენტალინი) მთავარი სამიზნე. კანაბიდიოლი ასევე უკავშირდება დოპამინის რეცეპტორებსაც, რასაც საკრალური როლი ენიჭება ქცევისა და კოგნიტური ფუნქციების (მათ შორის მოტივაციის) რეგულირებაში.

ეს ყველაფერი დამაინტრიგებლად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ CBD-მ თავისი ზემოქმედებითი უნარებით შეამციროს წამლისადმი დამოკიდებულება და სიმპტომები, რაც დამოკიდებულების სამკურნალოდ რელევანტური საშუალებაა. თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. ამ საკითხის გარშემო მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
CBD-ის თერაპიული პოტენციალის შესახებ მეტყველებს მისი ზეგავლენა სეროტონინის სისტემაზეც. ცხოველების შესწავლამ ნათლად დაგვანახა, რომ CBD უშუალოდ ააქტიურებს სეროტონინის რამოდენიმე რეცეპტორს. რაც თავის მხრივ ამცირებს „წამლების ძებნის“ ქცევას. ეს ფაქტორი გამოირჩევა ანტიშფოთვითი უნარებითაც, რაც როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების მაგალითებზე ნათლად გამოჩნდა.

CBD და სეროტონინის სისტემა: აღელვების, ეიფორიის შესაძლებლობები

CBD-ის შესაძლებლობა, დაუკავშირდეს სეროტონინის სპეციფიურ რეცეპტორს, 1A-ს, ასოცირდება თერაპევტული ბენეფიტების აღსანიშნავ რაოდენობასთან.  პროფესორი როჯერ პერტვი, ინგლისელი ფარმაკოლოგი,  კანაბინოიდზე ერთ-ერთი კვლევის ავტორი, საუბრობს CBD-ის ბიოლოგიური თავისებურებების ამ ასპექტზე:

“ეს არის აშკარა უნარი, გაძლიერდეს სეროტონინ 1A-ის რეცეპტორთა აქტივაცია, რაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოვიყენოთ ისეთი აშლილობების მელიორაციისთვის, როგორიცაა : ოპიოიდური დამოკიდებულება, ნეიროპათიური ტკივილი, დეპრესია, შფოთვა, გულისრევა და ღებინება (ქიმიოთერაპიის შემდგომ), შიზოფრენიის ნეგატიური სიმპტომები. თუმცა პასუხგაუცემელი რჩება ერთი დიდი კითხვა. შეგვიძლია თუ არა CBD-ის ამ გამოვლინებებისა და თერაპიული გამოყენების  ეფექტურობაზე საუბარი კლინიკურ შემთხვევებში, მხოლოდ პრეკლინიკურ კვლევებში (ცხოველები, ინ ვიტრო ექსპერიმენტები) მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით.“

ვინაიდან ეს შედეგები ძირითადად ცხოველებზე დაკვირვების შედეგად გვაქვს მიღებული, ჯერ კიდევ არაერთი კვლევის ჩატარებაა საჭირო, სანამ სერიოზულად ვიფიქრებთ CBD-ით მკურნალობის პრაქტიკის დანერგვაზე.

კომპლექსური ფარმაკოლოგიიდან ფსიქიატრიულ გამოყენებამდე

CBD-ის ნეიროლოგიური ეფექტების ზუსტი განსაზღვრა საკმაოდ რთული საქმეა, ვინაიდან მისი ინტერაქცია ხდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის რეცეპტორთან. ერთი მხრივ, სწორედ ეს კომპლექსურობა შეიძლება იყოს მისი, როგორც თერაპიული აგენტის, განმსაზღვრელი.  ისეთი მოტივაციური აშლილობები, როგორიცაა შფოთვა და დამოკიდებულება, თავადაც უაღრესად კომპლექსური ხასიათისაა. ისინი აღმოცენდებიან არასრულად განსაზღვრული მიზეზებისდა გამო, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენი ტვინის მრავალ რეცეპტორულ სისტემასა და ნეირონულ ბადეებზე.  მეორე მხრივ კი, იგივე კომპლექსურობამ შესაძლოა შეუძლებელი გახადოს ამგვარი დაავადებების კონკრეტულ ასპექტებზე CBD-ის კომპონენტების ზეგავლენის მკაფიოდ განსაზღვრა. მეცნიერები აგრძელებენ კვლევებს და ცდილობენ, ზუსტად ჩასწვდნენ CBD-ის კომპლექსურობას და თერაპიულ პოტენციალს, რაც საშუალებას მოგვცემს შევიმუშავოთ ახალი სამკურნალო მეთოდიკა.

წყარო

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.